ქრონიკული ბრონქიტი
რა არის ქრონიკული ბრონქიტი?
ბრონქიტ გულ-მკერდის ღრუში მდებარე სასუნთქი გზების ანთებაა. ტერმინი „ქრონიკული“ ნიშნავს, რომ მდგომარეობა დიდხანს გრძელდება.
ქრონიკულია ბრონქიტი, თუ ის ვითარდება წელიწადში 3 თვის ხანგრძლივობით ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.
ქრონიკული ბრონქიტის მიზეზები
ქრონიკული ბრონქიტის მთავარი მიზეზი თამბაქოს მოწევაა. შესუნთქული თამბაქოს კვამლი აღიზიანებს სასუნთქ გზებს და მათში ხდება ლორწოს გამოყოფა. ადამიანებს, რომლებიც სხვა გამღიზიანებლების, როგორიცაა მტვერი, ქიმიური აირები, ზემოქმედებას ხანგრძლივად განიცდიან, ასევე ქრონიკული ბრონქიტის განვითარების მაღალი რისკი აქვთ.
რა გავლენას ახდენს ქრონიკული ბრონქიტი ორგანიზმზე
ქრონიკული ბრონქიტი ხანგრძლივი მდგომარეობაა. ამ დაავადების დროს ბრონქიოლების შიგნითა შრეში მუდმივიად მიმდინარეობს გაღიზიანება და ანთება. ეს იწვევს ლორწოს გამოყოფას. ლორწო ამცირებს სასუნთქი გზების სანათურს, რაც იწვევს მათში ჰაერის მოძრაობის გაძნელებას.
ქრონიკული ბრონქიტის სიმპტომები
ქრონიკული ბრონქიტის ძირითადი სიმპტომია ხველა, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდება და თითქმის ყოველთვის ახლავს ნახველი. პაციენტს ასევე შეიძლება ჰქონდეს სუნთქვის გაძნელება და გულ-მკერდის შებოჭვის შეგრძნება.
ქრონიკული ბრონქიტის სიმძიმე
ქრონიკული ბრონქიტი სერიოზული, ხანგრძლივად მიმდინარე სამედიცინო მდგომარეობაა. დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, აქტიური ან პასიური მწეველობის შეწყვეტასთან ერთად, აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს. თუმცა სრული გამოჯანსაღების შესაძლებლობა მძიმე ქრონიკული ბრონქიტის მქონე პირებში ძალიან დაბალია.
ქრონიკული ბრონქიტის რისკის ფაქტორები
ქრონიკული ბრონქიტის რისკის ფაქტორებია:
-
თამბაქოს მოწევა
-
ასთმა
-
ქვედა სასუნთქი გზების რამდენჯერმე გადატანილი ინფექციები
-
სასუნთქი გზების მრავლობითი ინფექციები ბავშვობაში
პროფილაქტიკა:
მწეველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა მოწევის შეწყვეტაა. ასევე რეკომენდებულია მტვრის და ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების თავიდან აცილება.